Share to: share facebook share twitter share wa share telegram print page

Depeche Mode

Depeche Mode

ჯგუფის ორი დარჩენილი წევრი, დეივ გეენი და მარტინ გორი, პორტლენდი, ორეგონი, 2023 წლის ნოემბერი
ბიოგრაფია
წარმოშობა ბასილდონი, ესექსი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი
აქტიური 1980 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
წევრები
ყოფილი წევრები
საიტი depechemode.com
Depeche Mode ვიკისაწყობში

Depeche Mode /dˌpɛʃˈmd/ინგლისური ელექტრონული ჯგუფი, ჩამოყალიბებული ბასილდონში (ესექსი), 1980 წელს. მასში შედიან დამაარსებლები, დეივ გეენი (წამყვანი ვოკალი, 2005 წლიდან სიმღერების თანაავტორი), მარტინ გორი (გიტარა, კლავიშებიანები, ვოკალი, სიმღერების ავტორი 1982 წლიდან) და ენდრიუ ფლეჩერი (კლავიშებიანები, ბას-გიტარა). სადებიუტო ალბომი Speak & Spell 1981 წელს გამოსცეს და ბრიტანეთის ახალი ტალღის სცენაზე გამოჩნდნენ. ორიგინალურმა წევრმა, ვინს კლარკმა (კლავიშებიანები, სიმღერების თანაავტორი, გიტარისტი) ჯგუფი დატოვა 1981 წელს და შემდეგი დისკი, A Broken Frame, უკვე მის გარეშე ჩაწერეს. სიმღერების მთავარი ავტორი გორი გახდა. 1982 წელს კოლექტივს ოფიციალურად შეუერთდა ალან უაილდერი (კლავიშებიანები, დასარტყმელი საკრავები, ბას-გიტარა, ზოგიერთი სიმღერის თანაავტორობა) და ამ შემადგენლობით Depeche Mode-მა შემდეგი 13 წელი იარსება. 1995 წელს, უაილდერის წასვლის შემდეგ, იგი ტრიოდ იქცა.

1980-იანების უკანასკნელმა ალბომებმა, Black Celebration და Music for the Masses, ჯგუფი აქციეს წამყვანი ელექტრონული მუსიკის სცენის დომინირებად ძალად. ამ პერიოდის აღსანიშნავი მომენტი იყო მათი კონცერტი პასადენაში, რომელსაც 70 000-ზე მეტი მსმენელი დაესწრო. ახალი ათწლეული დაიწყო Violator-ით, რომელმაც დიდი წარმატება იქონია. Songs of Faith and Devotion-ის და თანმხლები Devotional Tour-ის შემდეგ ჯგუფში დაძაბულობამ გამოიწვია 1995 წელს უაილდერის წასვლა, რის გამოც მედია და მსმენელები ვარაუდობდნენ, რომ Depeche Mode დაიშლებოდა. როგორც ტრიომ, კოლექტივმა გამოსცა ახალი ალბომი Ultra (1997), ჩაწერილი იმ პერიოდში, როდესაც გეენის ნარკოტიკებზე დამოკიდებულებამ, გორის ალკოჰოლიზმმა და ფლეჩერის დეპრესიამ მწვერვალს მიაღწიეს. შემდეგი ალბომით, Exciter-ით ნათელი გახდა, რომ ჯგუფი დაშლას არ აპირებდა. დისკს მოჰყვა წარმატებული Exciter Tour - მათი პირველი დიდი ტურნე რვაწლიანი შესვენების შემდეგ, თუმცა აღსანიშნავია 1998 წლის ტურნეც, რომელიც გამართეს The Singles 86–98-ის მხარდასაჭერად. ამ ალბომების შემდეგ აგრეთვე გამოვიდა Playing the Angel (2005), Sounds of the Universe (2009), Delta Machine (2013) და Spirit (2017), რასაც ასევე ახლდა კონცერტების სერიები.

ბრიტანეთის სინგლების ჩარტში სხვადასხვა დროს წარმატებული იყო ჯგუფის 50 სიმღერა, ხოლო ალბომების ჩარტში - 10 დისკი. მსოფლიოში გაყიდულია Depeche Mode-ის დისკების 100 მილიონზე მეტი ასლი.[1][2] Q-მ ისინი დაასახელა სიაში „50 ჯგუფი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო!“.[3] Depeche Mode VH1-ის „ყველა დროის 100 უდიდესი შემსრულებლის“ სიაში 98-ე ადგილს იკავებს.[4]

ისტორია

შექმნა (1977-1980)

ჯგუფის შექმნის წლად ითვლება 1977, როდესაც ვინს კლარკმა და ენდრიუ ფლეტჩერმა შექმნეს დუეტი No Romance in China. 1979 წელს კლარკი უკრავდა ჯგუფში The Plan, რომელშიც ასევე იყვნენ რობერტ მარლოუ და პოლ ლენგვითი.

1978-79 წლებში, პარალელურად, მარტინ გორი უკრავდა აკუსტიკურ დუეტში Norman and The Worms, სკოლის მეგობართან ფილიპ ბერდეტთან ერთად. 1979 წელს მარლოუ, გორი, კლარკი და მათი მეგობარი პოლ რედმონდი შეერთდნენ და შექმნეს ჯგუფი The French Look. 1980 წელს კლარკმა, გორმა და ფლეტჩერმა ჩამოაყალიბეს სხვა პროექტი, Composition of Sound. ორივე ზემოაღნიშნულმა კოლექტივმა ერთხელ ერთობლივი საკონცერტო გამოსვლაც ჩაატარეს.

Composition of Sound-ის შექმნის შემდეგ კლარკი და ფლეჩერი გადავიდნენ სინთეზატორებზე. 1980 წელს მათ შეუერთდა დეივ გეენიც - მას შემდეგ რაც კლარკს მოეწონა მისი გამოსვლა ერთ-ერთ ჯემ-სესიაზე. ასე ჩამოყალიბდა Depeche Mode. მარტინ გორის თქმით, ეს სახელწოდება ნიშნავს ”მოდის სიახლეს”.

პირველი ალბომები (1981-1983)

ბრიჯ ჰაუსში კონცერტის დროს, 1982 წელს, ჯგუფით დაინტერესდა პროდიუსერი დენიელ მილერი[5], რომელიც თავად იყო ელექტრონული მუსიკის მოყვარული და შემსრულებელიც. იგი აგრეთვე იყო კომპანიის Mute Records დამაარსებელიც. მას სურდა ჯგუფისგან სადებიუტო სინგლის მიღება და კოლექტივმა ხელი მოაწერა კონტრაქტს. პირველივე შედეგი იყო სინგლი "Dreaming of Me", რომელიც გამოვიდა 1981 წლის თებერვალში. ბრიტანულ ჩარტში იგი #57 ადგილზე მოხვდა. შემდეგი სინგლი იყო "New Life", რომელიც უკვე #11 ადგილზე მოხვდა. სამი თვის შემდეგ გამოვიდა კომერციულად წარმატებული "Just Can't Get Enough" - პირველი სინგლი, რომელიც მოხვდა ბრიტანეთის საუკეთესო 10ეულში. ამ ჩანაწერით ჯგუფი უფრო წინ წავიდა და მსმენელი მოამზადა სადებიუტო ალბომისთვის Speak & Spell.

პირველი ალბომი გამოვიდა 1981 წლის ნოემბერში და მოხვდა ბრიტანულ 10ეულში. კრიტიკოსების რეაქცია არაერთგვაროვანი იყო - ”მელოდი მეიკერში” მას დიდებული უწოდეს, ხოლო ”როლინგ სტოუნში” - დაბალი ხარისხის მასალა.

ალბომის მხარდასაჭერი ტურნეს დროს კლარკი მიხვდა, რომ ჯგუფში ყოფნა არ აინტერესებს, რადგანაც, როგორც მოგვიანებით ახსნა, ”მათ არაფრის დრო არ ჰქონდათ”.[6] მოგვიანებით მან, ელისონ მოიეტთან ერთად ჩამოაყალიბა დუეტი ”იაზუ” და კიდევ უფრო მოგვიანებით, დუეტი ”ირეიჟერი”, ენდი ბელთან ერთად. მეორე ალბომისთვის Depeche Mode-ს თითქმის არ გააჩნდა კლარკის მიერ შექმნილი მასალა. გორი, რომელმაც უკვე დაწერა წინა ალბომის რამდენიმე სიმღერა, იქცა ჯგუფის სიმღერების ახალ ავტორად. 1982 წლის იანვარში გამოვიდა სინგლი "See You", რომელიც ჩაწერილი იქნა კლარკის გარეშე. მოულოდნელად მან გაიმეორა წინა სინგლის წარმატება და უფრო მეტიც - უფრო წარმატებული აღმოჩნდა. იგი მოხვდა ჩარტის #6 ადგილზე. შემდეგ გამოიცა სინგლები ("The Meaning of Love" და "Leave in Silence", მოეწყო ტურნე "See You".

1981 წლის ბოლოს ”მელოდი მეიკერში” Depeche Mode-მა განათავსა ანონიმური განცხადება, სადაც ეწერა, რომ ჯგუფი ეძებს მუსიკოსს. გამოჩნდა 22 წლის ალან უაილდერი, რომელიც დასავლეთ ლონდონელი მუსიკოსი იყო (კლავიშებიანი საკრავების კარგი მცოდნე). ორი მოსმენის შემდეგ იგი საცდელი ვადით აიყვანეს. მეორე ალბომზე მუშაობა დაიწყო 1982 წლის ივლისში. დენიელ მილერმა თავად უთხრა უაილდერს, რომ იგი ჩაწერისათვის არ არის საჭირო - ჯგუფს სჭირდებოდა მტკიცება, რომ მას ყველაფერი შეუძლია კლარკის გარეშე. მეორე ალბომი, A Broken Frame, გამოვიდა იმავე წლის სექტემბერში. უაილდერის წვლილი პირველად გამოჩნდა 1983 წლის სინგლზე "Get the Balance Right!".

მესამე დისკისათვის Construction Time Again მათ იქირავეს პროდიუსერი გერეტ ჯონსი და დასახლდნენ დასავლეთ ბერლინში. ალბომით ჯგუფის ჟღერადობაში დიდი გარდატეხა მოხდა, რადგანაც გამოყენებული იქნა რამდენიმე ახალი ელექტრონული ინსტრუმენტი.

ჯგუფმა ჩაწერა ყოველდღიური ნივთების ხმები და გადააქცია ისინი ელექტრონული ჟღერადობის მქონე ეფექტებად. ამასთან, მარტინ გორი აქტიურად მუშაობდა სიმღერების ტექსტებით, რომლებიც უფრო ლირიკულ ხასიათს ატარებდნენ. მომავალი ალბომის პირველი სინგლი იყო "Everything Counts", რომელიც იქცა კოლექტივის ერთ-ერთ დიდ ჰიტად.

საერთაშორისო წარმატება (1984-1988)

პირველ წლებში ჯგუფი ცნობილი და წარმატებული იყო მხოლოდ ბრიტანეთში, ევროპაში და ავსტრალიაში. 1984 წლის მარტში ეს შეიცვალა, სინგლის "People Are People" გამოცემით. იგი მოხვდა რამდენიმე სხვა ქვეყნის ჩარტების პირველ ადგილებზე. ამავე სახელწოდების ალბომი, სპეციალური კრებული, გამოიცა ამერიკული ლეიბლის Sire მიერ, რათა მსმენელი უკეთ გაცნობოდა ჯგუფის შემოქმედებას. 1984 წლის სექტემბერში გამოვიდა სტუდიური ალბომი Some Great Reward. ”მელოდი მეიკერმა” მას კვლავ დიდი შეფასება მისცა, ახსენა რა, რომ ეს ალბომი ადამიანის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რაც ხდება იქვე. ამ ალბომით ჯგუფმა ჩაატარა ექსპერიმენტები უფრო ბნელ ჟღერადობასთან, ტექსტების მხრივ კი შეეხო სექსს, მოზარდულ ურთიერთობებს და სხვა თემებს. აქვე იყო მარტინ გორის საკუთარი ბალადა "Somebody". ეს იყო ჯგუფის პირველი დისკი, რომელიც მოხვდა აშშ ალბომების ჩარტში. 1985 წელს კომპანიამ Mute Records გამოსცა კრებული The Singles 81>85, რომელსაც აშშ-ში Catching Up with Depeche Mode ეწოდებოდა. ამ კრებულში შევიდა სინგლები "Shake the Disease" და "It's Called a Heart".

ამ პერიოდში, სხვადასხვა წრეში, Depeche Mode ასოცირდებოდა გოთიკურ კულტურასთან, რომელიც ყალიბდებოდა ბრიტანეთში. აშშ-ში ჯგუფი მალე მოხვდა რადიოეთერში, თანაც - რამდენიმე სადგურზე.

ცვლილელების დრო მოვიდა სიმღერით "Stripped", შავბნელი დისკიდან Black Celebration, რომელიც, როგორც ერთ-ერთ ჟურნალში ეწერა, ”საკუთარ კოლექციაში არ ჰქონდა მხოლოდ მძიმე მეტალის ან ჯაზის ყველაზე დიდ მოყვარულებს”. ამ ალბომიდან მოყოლებული, ჯგუფის მუსიკამ შეიძინა ატმოსფერული და ტექსტურული ჟღერადობა. მაგრამ აქ ასევე იყო გორის ლირიკა, რომელმაც იდეალური სახე მიიღო. ამ ალბომში ასევე მოხვდა "Fly on the Windscreen", რომელიც მანამდე ჟღერდა მხოლოდ სინგლზე "It's Called a Heart". სიმღერას ამ ვარიანტში ეწოდა "Fly on the Windscreen - Final".<

კლიპის "A Question of Time" რეჟისორი იყო ანტონ კორბეინი, რომელმაც შემდეგ სახელი გაითქვა ჯგუფის მუსიკალური ვიდეოებით და ალბომების ყდებით.

1987 წლის დისკი Music for the Masses იყო წინა ალბომის წარმატების გამეორება. პირველად ხმისჩაწერი პროდიუსერი არ იყო ლეიბლის Mute თანამშრომელი. ჯგუფის მიერ წინა წლებში ამოჩემებული სემპლების გამოყენება შეცვალა სინთეზატორებთან ექსპერიმენტებმა და ატმოსფერული ჟღერადობის დამკვიდრებამ. ამის მაგალითება იყო სინგლები "Strangelove", "Never Let Me Down Again" and "Behind the Wheel". ალბომმა დიდი გარღვევა მოახდინა აშშ-ში, რაც უფრო მეტი იყო, ვიდრე წინა ალბომების ამერიკული წარმატება.

ამ ალბომის მხარდასაჭერი ტურნე ჩატარდა 1987-88 წლებში. 1988 წლის 18 ივნისს ტურნე დასრულდა პასადენას კონცერტით, რომელიც გამოვიდა საკონცერტო ალბომის 101 და ამავე სახელწოდების ფილმის სახით.

მსოფლიო წარმატება (1989-1994)

1989 წელს ჯგუფი შევიდა მილანში განლაგებულ სტუდიაში პროდიუსერ ფლუდთან და ხმის ინჟინერ ფრანსუა კევორკიანთან ერთად. აქ შეიქმნა სინგლი "Personal Jesus". სინგლის გამოცემამდე ჩატარდა საინტერესო მარკეტინგული კამპანია, რომლის დროს ბრიტანულ გაზეთებში განთავსებულ რეკლამაში ეწერა ”შენი საკუთარი პირადი იესო”. მოგვიანებით განთავსდა სატელეფონო ნომერიც, რომლის აკრეფის შემდეგ ისმოდა თავად სიმღერეა. სკანდალური სინგლი ჩარტის #13 ადგილზე მოხვდა, აშშ-ში კი იქცა ჯგუფის პირველ ოქროს სინგლად და მორიგ ჰიტად, "People Are People"-ის შემდეგ.

1990 წელს გამოვიდა სინგლი "Enjoy the Silence", რომელიც ითვლება კოლექტივის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სინგლად. 1991 წლის Brit Awards-ის დაჯილდოებაზე მან წლის ბრიტანული სინგლის სტატუსი მიიღო. ახალი ალბომის, Violator პრეზენტაციისა და გამოსვლის დღეს ჯგუფმა მოაწყო უნიკალური აქცია, რომლის დროს 20.000 მოყვარულმა მიიღო ჯგუფის ავტოგრაფები, თუმცა ადგილი ჰქონდა ინციდენტებსაც, რაც გამოწვეული იყო ხალხმრავლობით. ასევე გამოიცა ორი სინგლი ალბომიდან, "Policy of Truth" და "World in My Eyes".

1993 წელს გამოჩნდა ახალი ალბომი Songs of Faith and Devotion, ბნელი ჟღერადობით და საკონცერტო დასარტყმელი საკრავებით (რომლებზეც ალან უაილდერი უკრავდა). სინთეზატორებთან ერთად ორკესტრიც გამოჩნდა და გოსპელის მომღერლებიც.

მიუხედავად ფანების მიერ დადებითად მიღებისა, ბევრმა ეს დისკი კომერციულ ჩავარდნად შეაფასა. დეივ გეენის ჰეროინით გატაცებამ კი პიკს მიაღწია. მარტინ გორი ტურნეს დროს რამდენიმეჯერ გაქურდეს, ხოლო ფლეტჩერმა უარი თქვა ტურნეს მეორე ეტაპში მონაწილეობაზე. სცენაზე იგი შეცვალა დერილ ბემონტმა, ჯგუფის ასისტენტმა.

უაილდერის წასვლა და Ultra (1995-1999)

1995 წლის ივნისში უაილდერმა განაცხადა, რომ იგი ტოვებს Depeche Mode-ს. მისივე თქმით, მან დიდი წვლილი შეიტანა ჯგუფის საქმეში, მაგრამ არასოდეს მიუღია იგივე რაოდენობის დაფასება. მოგვიანებით ლოს ანჯელესის ერთ-ერთ სასტუმროში მყოფი გეენი კინაღამ დაიღუპა, ნარკოტიკების ზედმეტი დოზის გამო.

გეენის პრობლემების მიუხედავად, გორი ცდილობდა ჯგუფის ამოქმედებას. გეენი იშვიათად დადიოდა სტუდიაში, ხოლო სტუდიაში გამოჩენისას თითქმის არაფერს იწერდა და ვოკალის ჩაწერას სჭირდებოდა კვირები. 1996 წელს გეენი მოხვდა ნარკოტიკებისგან მკურნალობის ცენტრში. 1996 წელს სტუდიური სესიები განახლდა და შემდეგ წელს გამოიცა ალბომი Ultra. ასევე გამოვიდა წარმატებული სინგლები "Barrel of a Gun" და "It's No Good". ალბომი მოხვდა ბრიტანული ჩარტების #1 ადგილზე.

სინგლების კრებული The Singles (86-98) გამოვიდა 1998 წელს, ახალ სინგლთან "Only When I Lose Myself" ერთად. ოთხთვიანი საკონცერტო ტურნეს შემდეგ ასევე გამოიცა კრებული For the Masses, რომელშიც ჯგუფის სიმღერებს ასრულებდნენ სხვა ცნობილი კოლექტივები.

Exciter (2000-2004)

2001 წელს გამოვიდა ჯგუფის ახალი ალბომი Exciter. ელექტრონულ მინიმალიზმზე ორიენტირებული ციფრული ჟღერადობით ალბომი კომერციულად ჩავარდა. კრიტიკოსების შეფასებაც ცვალებადი იყო, თუმცა სინგლი Freelove დიდი წარმატებით სარგებლობდა.

იმავე წლის აგვისტოში DVD დისკზე გამოვიდა 1993 წლის ტურნეს კონცერტი,Devotional, ასევე კრებული Remixes 81 - 04. ამ კრებულში შეტანილი იქნა ჯგუფის ახალი და იშვიათი პრომო მიქსები და პოპულარული "Enjoy the Silence 04" (მაიკ შინოდას რემიქსი). ეს სინგლი მოხდა ბრიტანული ჩარტების #7 ადგილზე.

Playing the Angel (2005-2007)

2005 წლის 17 ოქტომბერს გამოვიდა ჯგუფის მე-11 სტუდიური ალბომი Playing the Angel. ბენ ჰილიერის პროდიუსერობით, ამ დისკმა ჯგუფი ძველ ჟღერადობას დაუბრუნა. დისკის სინგლი "Precious" მოხვდა ბრიტანულ ჩარტის #4 ადგილზე. ეს იყო პირველი ალბომი, რომლის ტექსტებიც მთლიანად გეენის დაიწერა. დიდი წარმატება ჰქონდა სხვა სინგლებსაც - "A Pain That I'm Used To" და "Suffer Well".

ალბომის მხარდასაჭერად ჯგუფმა გამართა ტურნე Touring the Angel. ტურნეს დროს ჩაწერილი აუდიომასალა გავრცელდა შეზღუდული რაოდენობით გამოცემულ დისკებზე Recording the Angel .

ალბომისა და ტურნეს წარმატების ტალღაზე გამოიცა სტუდიური დისკების Speak & Spell, Music for the Masses და Violator რემასტერინგები, სუპერ აუდიო დისკებისა და DVD აუდიოს ფორმატში ჩაწერილი. აგრეთვე ყველა ალბომს თან ახლდა სინგლების B-გვერდები და თითო ალბომის ჩაწერის ისტორია. 2007 წელს იგივე შეეხო ალბომებს Construction Time Again და Black Celebration. ალბომების Ultra და Exciter სპეციალური გამოცემები გამოვიდა 2007 წლის 1 ოქტომბერს.

2006 წლის 25 სექტემბერს გამოიცა DVD და აუდიოდისკი Touring the Angel: Live in Milan, რომელზეც აღბეჭდილია ჯგუფის კონცერტები მილანში (2006 წლის 18-19 თებერვალი).

ამასთან, გამოიცა კიდევ ერთი კრებული, The Best Of, Volume 1, რომელშიც მოხვდა ალბომის Playing the Angel ჩაწერიდან დარჩენილი "Martyr" .

2006 წლის დეკემბერში სერვისმა iTunes გამოსცა დიდი კრებული The Complete Depeche Mode, რომელიც იყო შემდეგი მათ მიერ დაწყებულ სერიაში. ამ სერიაში მანამდე უკვე გამოვიდა The Complete U2, The Complete Stevie Wonder და Bob Dylan: The Collection.

Sounds of the Universe (2009)

2007 წლის აგვისტოში, დეივის მეორე სოლო ალბომის Hourglass გამოსვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ Depeche Mode 2008 წელს დაბრუნდება სტუდიაში. 2008 წლის მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს მოხდება მაისში. მარტინ გორი ამ დროისათვის უკვე მუშაობდა ახალ სიმღერებზე საკუთარ სტუდიაში (სანტა ბარბარა, კალიფორნია, აშშ). სიმღერებზე მუშაობა ამ დროისათვის თითქმის დასრულებულია. აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ Depeche Mode-მა დატოვა ლეიბლი Warner Music.

2008 წლის 6 ოქტომბრის პრეს-კონფერენციაზე ბერლინში ჯგუფმა განაცხადა, რომ 2009 წელს დაიწყებოდა ტურნე Tour of the Universe - მათი პირველი სასტადიონო ტურნე, რომლის ფარგლებშიც სამეული გამოვიდოდა 21 ქვეყნის 28 ქალაქში. ტურნე დაიწყო 2009 წლის 6 მაისს, ლუქსემბურგში. პრეს-კონფერენციაზე ასევე წარდგენილი იქნა ორი ახალი სიმღერა, "Wrong" და "Peace".

ამჟამად სერვისზე YouTube ენდი ფლეჩერის მიერ დრო და დრო თავსდება ალბომის ჩაწერის ვიდეოკადრები.

2009 წლის 15 იანვარს ჯგუფის ვებ-საიტზე გამოქვეყნდა ალბომის სახელწოდება - Sounds of the Universe. ალბომი გამოვიდა 2009 წლის 20 აპრილს (ევროპა) და 21 აპრილს (აშშ).

ალბომის პირველი სინგლია "Wrong", რომელიც გამოვიდა 2009 წლის 21 თებერვალს.

მნიშვნელობა და გავლენა

Depeche Mode-მა გავლენა იქონია შემდეგი თაობების არა ერთ ცნობილ მუსიკოსზე. მაგალითად, პეტ შოპ ბოისი თვლის ალბომს Violator (კონკრეტულად კი სიმღერას "Enjoy the Silence") თავისი გავლენის ერთ-ერთ წყაროდ.

ტექნოს ჟანრის პიონერებმა, დერიკ მეიმ, კევინ სონდერსონმა და ხუან ატკინსმა თავის დროზე დაასახელეს Depeche Mode, როგორც ტექნოს ჟანრის პირდაპირი გავლენა, რაც ჯერ კიდევ 1980-იან წლებში დაიწყო, დეტროიტული ტექნოს პოპულარობის ხანაში. მათი შემოქმედებისადმი პატივისცემის ნიშანია ყოველ წელს მათი სიმღერების რემიქს-ალბომების რეგულარული გამოცემაც.

ჯგუფ ლინკინ პარკის წევრი, ჩესტერ ბენინგტონი თვლის ჯგუფს თავის მთავარ გავლენად. იმავე ჯგუფის კიდევ ერთი წევრის, მაიკ შინოდას თქმით, Depeche Mode არის ჩვენი დროის ერთ-ერთი გავლენიანი ჯგუფი, რომლის მუსიკაც მისი პირადი შთაგონებაა.

Depeche Mode-ის გავლენა სხვა ჟანრებზეც ვრცელდება - მაგალითად, მძიმე მეტალზე. ამის მაგალითია ჯგუფის Fear Factory წევრის, რეიმონდ ჰერერას სიტყვები "მუსიკის სხვადასხვა ჟანრმა იმოქმედა ჩემი დაკვრის სტილზე. მაგალითად, Depeche Mode-მა. მე რომ Depeche Mode-ივით ჟღერადობა მქონოდა და სლეიერის სისწრაფე, ვფიქრობ, რაღაცას მივაღწევდი".

სხვადასხვა მუსიკოსს რეპერტუარში აქვს ჯგუფის სიმღერების საკუთარი ვერსიები. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ მერილინ მენსონი (Personal Jesus), Lacuna Coil (Enjoy the Silence), რამშტაინი (Stripped), In Flames (Everything Counts) და The Smashing Pumpkins („Never Let Me Down Again“).

2008 წელს ჯგუფმა Coldplay გამოსცა სინგლი "Viva la Vida", რომელსაც თან დაურთო ვიდეოკლიპის ორი ვერსია. ერთ-ერთი ეფუძნება სიმღერის "Enjoy the Silence" ორიგინალურ ვიდეოს.

მუსიკოსები ტურნეზე

  • პიტერ გორდენო - კლავიშები, ელექტრონული ბასი და ელექტროგიტარა (1998 - დღემდე)
  • კრისტიან აიგნერი - სიმღერების თანაავტორობა, დასარტყმელი საკრავები (1997 - დღემდე)
  • ჯორდან ბეილი - ვოკალი (1998-2001)
  • ჰილდია კემპბელი - ვოკალი (1993-1994)
  • სამანტა სმითი - ვოკალი (1993-1994)
  • დერილ ბემონტე - კლავიშები (1994)
  • დეივ კლეიტონი - კლავიშები (1997)
  • ჯენეტ რემუსი - ვოკალი (1998)
  • ჯორჯია ლუისი - ვოკალი (2001)

1998-2006 წლებში როგორც გორდენო, ასევე აიგნერი ესწრებოდნენ სამ საკონცერტო ტურნეს. აიგნერი უკრავდა დასარტყამებზე (და იყო ალბომის Playing the Angel თანაავტორი), გორდენო კი - კლავიშებიან საკრავებზე.

დისკოგრაფია

აგრეთვე იხილეთ

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. „Depeche Mode mit Weltpremiere beim ECHO“ (გერმანული). Bundesverband Musikindustrie. 3 February 2009. ციტირების თარიღი: 18 August 2014.
  2. Mason, Kerri (23 March 2009). „Depeche Mode Prepares For Tour Of The Universe“. Billboard. ციტირების თარიღი: 5 November 2014.
  3. „Q – 50 Bands That Changed The World!“. Q. Rocklist.net (214). May 2004. ციტირების თარიღი: 31 March 2012.
  4. brandon. (13 April 2011) VH1 100 Greatest Artists Of All Time. Stereogum. ციტირების თარიღი: 26 September 2015.
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-08. ციტირების თარიღი: 2013-01-24.
  6. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-24. ციტირების თარიღი: 2013-01-24.
Kembali kehalaman sebelumnya